ლევან მჭედლიძე კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს


საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბის დირექტორმა არჩილ ბერიძემ დაადასტურა.

30 წლის ფორვარდი კლუბთან ხელშეკრულებას სავარაუდოდ 1+1 სისტემით გააფორმებს. მჭედლიძე დღეს საღამოს თურქეთში გაემგზავრება და გია გეგუჩაძის გუნდს შეკრებაზე შეუერთდება.

მჭედლიძე ბოლოს „დინამო თბილისში“ თამაშობდა, რომლის რიგებშიც 2019 წელს 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ის ერთადერთი ბურთი ლევან მჭედლიძემ ბათუმში, სწორედ „დინამოს“ კარში გაიტანა.

მჭედლიძემ კარიერის უდიდესი ნაწილი იტალიურ „ემპოლიში“ გაატარა, რომლის რიგებში სერია A-ში 75 მატჩში 11 გოლი გაიტანა, მათ შორის, „იუვენტუსთან“, „ინტერთან“ და „მილანთან“. სერია B-ში 86 თამაშში თავი 5-ჯერ გამოიჩინა, ხოლო იტალიის თასზე 8 შეხვედრაში 3 გოლი მიითვალა. 2008-2010 წლებში კიდევ ერთი იტალიური კლუბის, „პალერმოს“ რიგებში თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში მჭედლიძეს 32 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.