"ტვ პირველის" ოპერატორზე თავდასხმის გამო კიდევ ერთი პირი დააკავეს


შსს-ს განცხადებით, 5 ივლისს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი - 2000 წელს დაბადებული ი.წ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.წ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, "ტვ პირველის" ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა", - წერია უწყების განცხადებაში.