დავით ზალკალიანი: ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს მოაქვს კეთილდღეობა და გვინდა ეს სიკეთეები ოკუპაციის ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ თანამოქალაქეებს გავუზიაროთ


ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას განსაკუთრებული დატვირთვა შესძინა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლამ, ფაქტობრივად, ამ ფორმატის საბოლოო ფორმალიზაცია იმ ერთობლივი დეკლარაციით გაფორმდა, რომელსაც სამმა პრეზიდენტმა მოაწერა ხელი, - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა იმ სარგებელზე ისაუბრა, რომელსაც ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეებს მოუტანს, აქცენტი კი საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ მოქალაქეებზე გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ საქართველო თანდათან გადაიქცევა სტაბილურობის კერად, იმ ქვეყნად, საიდანაც მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო ინიციატივები მოდის, სადაც მინიმუმამდე არის დაყვანილი საფრთხეები და ეს იძლევა შესაძლებლობას ქვეყნის განვითარებისთვის, მომავლისთვის და ასევე იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ კეთილდღეობა. სწორედ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს მოაქვს კეთილდღეობა და სწორედ ეს გვინდა, რომ ეს სიკეთეები გავუზიაროთ ოკუპაციის ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ თანამოქალაქეებს“, - განაცხადა მინისტრმა.