არჩილ ჩიქოვანი : გილოცავთ ყველას ტურისტული სეზონის გახსნას


ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი პოზიტივია, გამოირჩევა განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობითა და ტურისტული ატრაქციებით, ვიზიტორების მისაღებად უკვე მზად არის.

შარშანდელ სეზონთან შედარებით, წელს ველოდებით უფრო გაზრდილ ტურისტულ ნაკადსა და მობილობას. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ბიზნესიც უკვე შეზღუდვების გარეშე მუშაობს.

ტურიზმის გააქტიურება მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვისა და გაძლიერებისათვის.

სასიხარულო ფაქტია, რომ ქალაქში ტურისტების რაოდენობა დღითი დღე იზრდება, როგორც საერთაშორისო ისე შიდა ვიზიტორების კუთხით.

ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში უკვე ფრენები ხორციელდება ბელარუსიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, საუდის არაბეთიდან და პოლონეთიდან.

ასევე, ფრენები შესრულდება დუბაიდან და შარჟადან. აღსანიშნავია, რომ 1-ლი ივნისიდან გაიხსნა სახმელეთო საზღვრებიც, რაც საშუალებას მისცემს მოგზაურებს საქართველოში შემოვიდნენ მეზობელი ქვეყნებიდან და მათი გავლით.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბათუმის საცხენოსნო კლუბი. რაც შეეხება დელფინარიუმს, უკვე ემატება წარმოდგენების რაოდენობა.

მინდა მოვუწოდო ყველას, დაიცვან კოვიდრეგულაციები, რათა უსაფრთხოდ შევძლოთ ტურისტების მიღება.- წერს არჩილ ჩიქოვანი