თქვენი რეკლამის ადგილი
ბიზნესი

„ვცდილობ გავაკეთო ისე, რომ მისაბაძი გავხდე“ – ნანა ბერიძე – სალონი „Diamond“

saloni-diamond-batumi-05

თუ კი ბათუმში სილამაზის სალონების ძებნას დაიწყებ, შესაბამის ბაზაში ქალაქის ერთ გარეუბანში (ხახულის მეორე შესახევევში, №31-ში) აუცილებლად აღმოაჩენ პატარა თბილ და მყუდო სალონს. ამ სიმყუდროვეს სალონს ოჯახური გარემო უქმნის: ცოლ-ქმარი – რომლებიც სალონის უკონკურენტო თანამშრომლები არიან. მათი დაუღალავი და გულიანი მუშაობის შედეგად კი სალონში ნამდვილი შედევრები იქმნება.

saloni-diamond-batumi-04

სალონი სახელწოდებით Diamond 2009 წლიდან გამოჩნდა ქალაქის ბაზარზე. 8 წლის განმავლობაში მას არაერთი დაბრკოლება გადაულახავს და ბევრი მნიშვნელოვანი წარმატებისთვისაც მიუღწევია.

სალონის მიღწევებზე, იქ არსებულ გარემოზე, მომსახურებებსა და სამომავლო გეგმებზე batuminews.ge – ს სალონის წარმატებული მეპატრონე ნანა ბერიძე ესაუბრა:

  • ნანა, როდის დაიწყო თქვენი კარიერული მოღვაწეობა?

კარიერული მოღვაწეობა 2003 წელს დავიწყე. მაშინ 18 წლის ვიყავი. რუსეთიდან ჩამოსული იყო ტატიანა ალექსანდრეევნა, სალონიდან 4 გოგო შეგვარჩია და გადამზადების კურსი ჩაგვიტარა. სწორედ ამ პერიოდმა ითამაშა ყველაზე დიდი როლი ჩემს სამომავლო განვითარებასა და წარმატებაზე.  რამდენიმე წლის შემდეგ უკვე დამოუკიდებლად დავიწყე ბიზნესი. 2009 წელს მე და ჩემმა მეუღლემ გავხსენით სალონი სახელწოდებით Diamond და უკვე 8 წელია ვემსახურებით ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლების სილამაზეს.

  • რა სახის მომსახურებებს სთავაზობს სალონი კლიენტებს ?

თითქმის ყველა სახის მომსახურება გვაქვს, რაც ქალის სილამაზეს ეხება – საპატარძლო, სადღესასწაულო თუ ყოველდღიური ვარცხნილობა, მაკიაჟი, წარბი, ფრჩხილი, წამწამების დაგრძელება და ა.შ. გარდა ამისა, თმის ყოველგვარი მოვლა-მოწესრიგება – შეღებვა, შატუში, რომელიც მე 14 წლის უკან შევისწავლე. მაშინ ძირითადად სასცენოდ იყენებდნენ მსგავსს მომსახურებას და მეც შესაბამისი კატეგორიის კლიენტები მყავდა. მსახიობები, რეჟისორები, მომღერლები და ა.შ. თან იმ პერიოდში ამ მომსახურებას ძალიან ცოტა სპეციალისტი სთავაზობდა საზოგადოებას.

diamond collage 1

ჩემი მეუღლე – მამუკა დუმბაძე – კი  მამაკაცთა სტილისტია – აკეთებს ყველაფერს, რაც მამაკაცის მოწესრიგებას ეხება – მოდური ვარცხნილობები, ავანგარდულები სტილი, გრიმები, სიძის და ზოგადად მამაკაცის ვარცხნილობები და ა.შ.

  • გასაგებია და დღესდღეობით რა ტიპის, რა კატეგორიის კლიენტები გყავთ?

ძირითადად შეჩვეული, ძველი კლიენტები. თუმცა ძალიან ბევრი მყავს ახალი და უცხოელი კლიენტები – უკრაინიდან, თურქეთიდან, ერევნიდან, ყოფილა შემთხვევა ლატვიიდან ჩამოსულა გოგონა, ბათუმში გათხოვდა და მომძებნა იმისთვის, რომ ჩემთან გალამაზებულიყო საქორწილოდ.

  • შენი მომსახურების სია საკმაოდ მრავალფეროვანია და ამ ყველაფერ აკეთებთ მარტო. როგორ ახერხებთ კლიენტისთვის ასეთი მრავალრიცხოვანი მომსახურების ერთდროულად და მარტო  შეთავაზებას და დაკმაყოფილებას?

მე მაქვს უნივერსალი სერთიფიკატი, სადაც ხაზგასმულია, რომ მე ვფლობ ყველა ამ სპეციალობას. ამ სერთიფიკატის საშუალებითაც არამარტო საქართველოში, უცხოეთშიც შემიძლია მუშაობა ნებისმიერ სალონსა თუ სილამაზის ცენტრში.

  • ფასები? რამდენად მისაღებია კლიენტებისათვის?

არასოდეს არ დამიკავშირებია ფასები სხვა სალონებს ან ბაზარს, ყველაფერი დამოკიდებულია ნამუშევრის ხარისხზე. ეს კი თავის მხრივ დამოკიდებულია პროდუქციაზე, რომლითაც სალონში ვსარგებლობ. მე ხმამაღლა  შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ ძვირადღირებულ და ხარისხიან პროდუქციას ვიყენებ. ანუ ფასიც შესაბამისია. საერთო ჯამში, ფასები არის საშუალო, არც იაფია თუმცა არც ძალიან ძვირი და ამავე დროს მისაღები მომხმარებლისათვის.

  • საკმაოდ ლამაზი სახელი აქვს სალონს – Diamond მაინტერესებს – საიდან დაიბადა იდეა და რას გულისხმობს ის თქვენს შემთხვევაში?

სახელწოდება არ არის ჰაერიდან დაბადებული. მას ძალიან დიდი ისტორია აქვს. მე წლინახევრის ვიყავი, ჩემი ძმა კი 7 დღის მამა რომ დაგვეღუპა.  მას მერე დედა გახდა ჩვენი დედაც, მამაც და მისაბაძი, მფარველი ანგელოზიც. ამიტომ როცა სალონი გავხსენი D ასო გამოვყე და ბრილიანტში ჩავსვი მის საპატივცემულოდ. დანარჩენი ასობგერები ჩემი ოჯახის წევრების სახელების პირველი ასოს ინიციალებია.

saloni-diamond-batumi-3

  • ქალაქში კიდევ ერთი სალონია ამავე სახელწოდებით. ყოფილა თუ არა გაუგებრობები ან შეცდომები რაც ამ ფაქტს გამოუწვევია?

პირველად ამის შესახებ რომ გავიგე გამიკვირდა და შეიძლება ითქვას ცოტა მეწყინა კიდეც. მაგრამ ჩემი სტაბილურობა ამან ვერ შეარყია. კი ხშირად მომხდარა გაუგებრობებიც. ჩემთან წამოსული კლიენტი სხვა მისამართზე არაერთხელ აღმოჩენილა, მაგრამ სიმართლის გაგების შემდეგ დაბრუნებულა.

  • ამ შემთხვევაში ძირითადად როგორ გიკავშირდებიან უცხო და ახალი კლიენტები? ან მათი ჩაწერის დროს როგორ არჩევენ ისინი ან თუნდაც თქვენ ორ სხვადასხვა Diamond-ს?

ძირითადად ინტერნეტის და სოციალური ქსელების მეშვეობით მიკავშირდებიან. ჩვენს შესახებ ინფორმაცია განთავსებულია INFOBATUMI.GE – ზე; გარდა ამისა, Facebook-ზე შექმნილი გვაქვს სპეციალური გვერდი, სადაც საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად ჩვენი ნამუშევრებია წარმოდგენილი. თუ კი ვხვდები რომ შეცდომით რეკავენ, მათ აუცილებლად ვეუბნები იმ მისამართს, სადაც რეალურად რეკავენ. განსაკუთრებით ეს მისახვედირია მაშინ, როცა ლაზერულ ეპილაციას ან სოლარიუმს კითხულობენ.

  • ანუ ჯანსაღი კონკურენციით მუშაობთ?

რათქმაუნდა. თვითონ კლიენტი გვირჩევს ჩვენ და არა პირიქით. მათ ვერ შევუზღუდავთ არჩევანს და ვერ ვაიძულებთ მის ცვლილებას.

  • მაშ ვის თვლით რეგიონის ბაზარზე კონკურენტად?

ვთვლი რომ ბაზარზე არცერთი სალონი არ არის ჩემი კონკურენტი, ყველას თავისი წილი კლიენტი ყავს. ზოგადად, მე ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება მაქვს: – ხელოვანი ადამიანების შეჯიბრება და შედარება შეუძლებელია. თან მაშინ, როდესაც გემოვნება ინდივიდუალურია და მასზე არ დავობენ.

გარდა ამისა, მე ასე მასწავლეს თავის დროზე – აკეთე ისე, რომ სხვებმა მოგბაძონ. და მეც ვცდილობ გავაკეთო ისე, რომ მისაბაძი გავხდე.

  • თუმცა მდებარეობა მეტნაკლებად მაინც განსაზღვრავს სალონის პრესტიჟულობას და კლიენტების სიმრავლეს…

რათქმაუნდა. ქართველს ქართული მენტალობა აიძლებს პრესტიჟულ უბანში წავიდეს. ჩემი სალონი ცენტრალურ უბანში რომ იყოს ალბათ უფრო მეტი კლიენტები ეყოლებოდა მას, მაგრამ ის, ვინ მყავს სავსებით საკმარისია ჩემთვის და მყოფნის. იმიტომ, რომ ასეთ ვითარებაში აქ მოდის ის ნაკადი, ვინც იცის ჩემი და ჩემი ნამუშევრის ფასი. ასეთი კლიენტები ჩემთვისაც უფრო ღირებულნი და დასაფასებლები არიან.

  • რატომ დაიმონდი? რა საშუალებებით ხდება აქ მომხმარებლისათვის კომფორტული, სასიამოვნო გარემოს შექმნა? ან გაქვთ თუ არა რაიმე სახის დამატებითი სერვისი, რითაც კლიენტის დაინტერესება და წახალისება ხდება?

მე არამარტო ხელობა ვისწავლე მაშინ, არამედ კლიენტებთან ურთიერთობა, მათთან ფსიქოლოგიური მიდგომა. წარმოუდგენელია მუშაობის დროს მხოლოდ ფულზე იფიქრო. უნდა იფიქრო გულით და იმუშავო სულით. ამას კლიენტი აუცილებლად გრძნობს.

სტილისტობასთან ერთად ხშირად დიზაინერის როლს ვირგებ. შემიძლია რეკომენდაციები გავუწიო მათ ისე, რომ ჩემი ნამუშევარი მთლიანად მოვარგო მის ჩაცმულობას, აქსესუარებს და ა.შ. ამ დროს თვითონ კლიენტიც კმაყოფილი და მადლიერი რჩება და მეც. რა თქმა უნდა ეს უსასყიდლოდ.

გარდა ამისა,  მაქვს წახალისებები. როცა ძველ კლიენტს მოყავს პატარძალი ან რამდენიმე ერთად თავისი ახლობელი, მას უფასო მომსახურებას ვუწევ. ეს მათ ძალიან სიამოვნებთ.

და ბოლოს, აქედან უკმაყოფილო კლიენტი არ გავა! – ეს არის ჩემი მთავარი მიზანი და სალონის სავიზიტო ბარათი. ჩემთვის მთავარია კლიენტის ბედნიერი დღე კიდევ უფრო გავალამაზო. მინდა ჩემი ნამუშევრით ჩემი შემოქმედებით მცნობდნენ ადამიანები. ამისათვის მე ყველაფერს ვაკეთებ და მიხარია რომ ამას ხედავს საზოგადოებაც.

  • ეს ძალიან კარგია და რამდენად ხშირად იღებთ მონაწილეობას სხვადასხვა სემინარში, ტრენინგში ან თუ ხართ ჩართულები რეგიონში მიმდინარე აქტივობებში თუნდაც სპონსორის სტატუსით?

როცა მსგავსი რამ ტარდება ორგანიზატორები მიკავშირდებიან და მასში აუცილებლად ვღებულობ მონაწილეობას.

ყოფილა ასეთი შემთხვევა, როცა ერთ ერთი კონკურსის ორგანიზატორი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მე ვიყავი გამარჯვებული ბიზნეს ლედი და დიპლომისთვის დედაქალაქში უნდა ჩავსულიყავი. შემდეგ გაირკვა, რომ ჩატარდა ქუჩის გამოკითვა თემაზე თუ რომელ სალონს ანიჭებდნენ უპირატესობას. გამოკითხვაში ყველაზე მაღალრეიტინგული აღმოვჩნდი. მაშინ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა.

diamond tbilisshi

saloni-diamond-batumi-06

prizi

  • სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრე ნანა – რას გეგმავს სალონი ახლო მომავალში?

სიურპიზია, თუმცა იმას გეტყვით, რომ პერსპექტივაში არ გამოვრიცხავ სალონის გაფართოებას.

გარდა ამისა, ამ ეტაპზე ვეუფლები უცხო ენებს, იმისათვის, რომ გამიადვილდეს კონტაქტი სხვა ეროვნების ადამიანებთან. მინდა ასევე საზღვარგარეთ ჩატარებულ ტრენინგებსა და სემინარებშიც მივიღო მონაწილეობა. თუმცა ჩემი ოცნებაა თავად ვიყო ტრენერი და ტრენინგი მე თვითონ ჩავუტარო საზღვარგარეთ დამწყებ სტილისტებს.

1 კომენტარი

1 კომენტარი

  1. სოფიკო

    22 ივნისი, 2017 at 23:29

    მართლაც უნიჭიერესი სტილისტი, რომელსაც არაერთი ქალის ცხოვრება გაულამაზებია და მათ შორის ჩემი ცხოვრებაც, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი.მე მაბედნიერებს ასეთი ნიჭიერი ადამიანის არსებობა.მინდა გისურვო კარგად ყოფნა, ჯანმრთელობა,მხნეობა და უამრავი ქალბატონის ცხოვრება გაგელამაზებინოთ თქვენი მარჯვე ხელით.წარნატებებს გისურვებ ჩემო ძვირფასო ნათლია…სოფო

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა