საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს



სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმაზე მუშაობა, რაც გადამწყვეტია ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფისათვის.

"სამწუხაროდ წლიდან წლამდე მცირდება იმ განმცხადებლების რაოდენობა, რომლებიც გამოთქვამენ ინტერესს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად, რაც შერჩევის პროცედურის მიმართ უნდობლობას აჩვენებს. 9 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განცხადება მხოლოდ 51-მა კანდიდატმა წარადგინა, საიდანაც 17-მა თავისი კანდიდატურა მოხსნა, 3 კანდიდატი კი საბჭოს გადაწყვეტილებით გამოეთიშა კონკურსს. 1 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში რეგისტრირებული ჯამში 18 კანდიდატიდან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ 5 მათგანის შეფასება შეძლო, ვინაიდან დანარჩენებმა საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. ასევე აღსანიშნავია, რომ ორივე კონკურსის ჯამში დამატებითი განცხადება მხოლოდ 3-მა კანდიდატმა წარადგინა, რაც ხაზს უსვამს აღნიშნული მექანიზმის არაეფექტიანობასა და ხარვეზულობას.

განსაკუთრებულად გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ მეორე კონკურსში კანდიდატებთან გასაუბრებასა და მათ შეფასებაში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ 10 წევრი - 9 მოსამართლე წევრი და პრეზიდენტის მიერ დანიშნული 1 წევრი, ვინაიდან ამ დროისათვის პარლამენტის მიერ არჩეულ 5-ვე არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა ამოწურული ჰქონდა, ხოლო მათ ნაცვლად ახალი წევრები პარლამენტს ამ დრომდე არ აურჩევია", - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

"გადამწყვეტი მნიშვნელობისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირება, მანამდე კი, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია. აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე გამოცემულ მეოთხე ანგარიშშიც, სადაც აღწერილია მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი სერიოზული პრობლემები, პირველივე უმთავრეს რეკომენდაციად სწორედ უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატების შერჩევის პროცესის დაუყოვნებლივ შეწყვეტაა მითითებული, ფუნდამენტური სასამართლო რეფორმების განხორცილებამდე", - წერს ომბუდსმენი.