თაფლი-სასარგებლო ინფორმაცია თაფლის შესახებ




წარმოშობის მიხედვით თაფლი შეიძლება იყოს მონო ან პოლიფლორული. პირველს განეკუთვნება აკაციის, ცაცხვის, მზესუმზის ან სხვა რომელიმე მცენარისაგან მიღებული თაფლი, ხოლო მეორეს — მდელოს მრავალნაირი ყვავილისაგან, ტყის თაფლოვანთა ნექტრისაგან ან სხვადასხვა მცენარისგან მიღებული თაფლი.

ნატურალურ თაფლს მასში გლუკოზის ან ფრუქტოზის მაღალი კონცენტრაციის გამო ახასიათებს კრისტალიზაცია. ეს პროცესი სწრაფად მიმდინარეობს 13-14°C ტემპერატურაზე. ფუტკრის თაფლი შეიძლება იყოს ფიჭიანი ან გამოწურული. როგორც ერთი, ისე მეორე მაღალი კვებითი ღირებულებითა და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.

მისი მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო თვისებები განისაზღვრება არა მარტო ადვილად ასათვისებელი შაქრების დიდი რაოდენობით, არამედ ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი მინერალური ნივთიერებების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ანტიმიკრობული ნივთიერებების შემცველობითაც.

ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ბაქტერიოციდულ, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელ მოქმედებას, აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას.

თაფლის ფიზიკური თვისებები

თაფლის ფერი დამოკიდებულია ყვავილების ნექტარში არსებულ, საღებავ ნივთიერებებზე და შესაძლოა იყოს ბაცი მოთეთრო-მოყვითალოდან მუქ ოქროსფერ ან ყავისფრამდე. დროთა განმავლობაში,თაფლის დაკრისტალების გამო, მისი ფერიც იცვლება და უფრო ბაცი ხდება.

სხვადასხვა ყვავილების თაფლი გამოირჩევა თავისებური გემოთი, რომელიც დამოკიდებულია იმ ყვავილების არომატზე, რომლებიდანაც ფუტკრებმა მოაგროვეს ნექტარი.

თაფლის სუნი (არომატი) ყვავილების სურნელზეა დამოკიდებული და შესაძლოა ოდნავ შესამჩნევი, ნაზიდან საკმაოდ მკვეთრ სურნელამდე იყოს. თუმცა შემაწუხებელი, მძაფრი არომატი ხშირად ხელოვნური თაფლისარომატიზატორებითაა გამოწვეული.

თაფლი ადვილად იღებს სუნს ახლო მყოფი ნივთიერებებისაგან, ამიტომ, აუცილებელია მისი შენახვა დახურულ ჭურჭელში, მძაფრი სუნიანი ნივთიერებებისაგან მოშორებით.

თაფლის ქიმიური თვისებები

თაფლის ქიმიური შემადგენლობა რთულია და დამოკიდებულია სათაფლე მცენარეებზე, ნიადაგზე და კლიმატურ პირობებზე, ფუტკრის ჯიშზე და ა.შ. თაფლში დაახლოვებით 400 ორგანული და მინერალური ნივთიერებაა. თაფლის შემადგენლობის 13-20% უკავია წყალს.

თაფლის 75-80% – ს შეადგენს ნახშირწყლები – გლუკოზა (31%), ფრუქტოზა (38%) და სახაროზა (1%). მათი დაშლისას გამოიყოფა ენერგია, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესებისათვის. გლუკოზა და ფრუქტოზა ხელს უწყობენ ნერვული პროცესების დარეგულირებას, სისხლძარღვების გაფართოვებას, გულის კუნთის კვებას, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას.

ნახშირწყლების გარდა, თაფლის შემადგენლობაშია ფერმენტები: ინვერტაზა, დიასტაზა, კატალაზა და სხვ. ამ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ძალზედ მცირე რაოდენობა მნიშვნელოვნად აჩქარებს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს. თაფლის ფერმენტები აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას, კუჭის წვენის სეკრეციას, საკვები ნივთიერებების ათვისებას.

მინერალური ნივთიერებები, რომლებიც თაფლში მარილების სახითაა წარმოდგენილი, ძალზედ დიდ ბიოლოგიურ როლს თამაშობენ, რადგან მათი ფერმენტებთან, ვიტამინებთან და ჰორმონებთან ურთიერთობით მიმდინარეობს ნერვული სისტემის ფუნქციონირების, ქსოვილოვანი სუნთქვისა და სისხლის წარმოქმნის პროცესები.თაფლში არის კალციუმის, მაგნიუმის, რკინისა და ფოსფორის მარილები. აღსანიშნავია, რომ თაფლში გვხვდება ყველა ის ელემენტი, რომელიც შედის ადამიანის სისხლის შემადგენლობაში.

თაფლის შემადგენლობაში აგრეთვე არის ორგანული მჟავები (ვაშლის, ლიმონის, რძემჟავა, ღვინის მჟავა), რომლებიც სასიკეთოდ მოქმედებენ საჭმლის მონელებაზე, ნივთიერებათა ათვისებაზე, მადის გაუმჯობესებაზე, კუჭის ლორწოვანი გარსის სეკრეტორულ ფუნქციაზე.

თაფლის საკვებ ღირებულებას ამაღლებს მასში შემავალი ვიტამინები:

В1 (ანევრინი), В2 (რიბოფლავინი), В6 (პირიდოქსინი), Н (ბიოტინი), К (ფილოხინონი), С (ასკორბინმჟავა) და სხვ.

თაფლის სასარგებლო თვისებები

ხანგრძლივი დროის განმავლობაში თაფლი იხმარებოდა როგორც ჩვეულებრივი ტკბილი საკვები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავრცელდა უფრო იაფი შაქარი, თაფლი გახდა სამკურნალო პროდუქტი.

თაფლში შემავალ ნივთიერებებს გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ობის საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდური თვისებები, ანუ თაფლი ანადგურებს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს და აფერხებს მათ გამრავლებას.

დიდი სამამულო ომის დროს თაფლი გამოიყენებოდა როგორც გარეგანი საშუალება ჭრილობების შესახორცებლად, კანის ჩირქოვანი დაავადებების და ფურუნკულების სამკურნალოდ.

თაფლის ბიოგენური სტიმულატორები ამაღლებენ ორგანიზმის ცხოველქმედებას. თაფლის მიღებისას მატულობს ორგანიზმის დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის უნარი, ძლიერდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, კლებულობს კუჭის წვენის სიმჟავიანობა.

თაფლს გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

თაფლი აუმჯობესებს ნერვული უჯრედების კვებას და აძლიერებს მათ ფუნქციონირებას, ააქტიურებს ჟანგვით პროცესებს.

თაფლის, მავნე ნივთიერებების გამანეიტრალებელი მოქმედების შედეგადუმჯობესდება ძილი, კლებულობს გაღიზიანება, მატულობს შრომისუნარიანობა.

თაფლის მიღება ხელს უწყობს ჰემოგლობენის მომატებას, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ანემიების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ავადმყოფობის შედეგად ორგანიზმის დასუსტებისას.

აღწერილია თაფლის დამამშვიდებელი მოქმედება ფსიქიური დარღვევებისას.

თაფლი არბილებს ლორწოვან გარსებს და ამიტომ რეკომენდირებულია ხველებისას.

არსებობს აზრი, რომ დღის განმავლობაში თაფლის მიღება იწვევს ოფლიანობას, თუმცა ეს მოსაზრება არ დასტურდება. თაფლი მართლაც აძლიერებს ოფლის გამოყოფას მხოლოდ ცხელ ჩაისთან ან რძესთან ერთად ავადმყოფობის დროს. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი სიცხის დამწევი წამალი ოფლის გამოყოფის და სიცხის დამწევ ეფექტს ახდენს მხოლოდ ავადმყოფობის დროს და არ ამჟღავნებს მსგავს ეფექტს სხეულის ნორმალური ტემპერატურისას.

თაფლის ფართოდ გამოყენება სასურველია ჯანმრთელობის შენარჩუნების, დაავადებების პროფილაქტიკის და სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით.

კლინიკური დაკვირვებებით დადასტურდა, რომ თაფლის სისტემატური მიღება არა მხოლოდ არ სწევს შაქრის დონეს სისხლში, არამედ, აღინიშნება მისი დაწევის ტენდენცია. ამის მიუხედავად, დიაბეტით დაავადებულთათვის თაფლის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი კონტროლის ქვეშ, მკურნალ ექიმთან შეთანხმებით.

ასაკობრივი ცვლილებების პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია თაფლისზემოქმედება ლიპიდურ (ცხიმოვან) ცვლაზე. ყოველდღიურად 150გრ. თაფლის მიღებისას სისხლის შრატში მცირდება ქოლესტერინის დონე.

წყარო : Agrokavkaz.ge