2020 წელთან შედარებით, უმუშევრობა წელს 3.8%-ით გაიზარდა - საქსტატი




საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმციით, 2021 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით გაიზარდა და 22.1% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის II კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.4% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1%-ით მეტია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.0%-ით და 40.1%-ს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.3% პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.5% პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.7% პუნქტით.

ამას გარდა, 2021 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.5% შეადგენდა, რაც 0.7%-ით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

უმუშევრობის დონე მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.2%-ით, ხოლო კაცებში - 5.7%-ით.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის II კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 0.3 და 2.0 პროცენტული პუნქტით.