უცხოური ინვესტიციები I კვარტალში 28,3%-ით, II-ში კი 2.6%-ით შემცირდა - საქსტატი




სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის II კვარტალში 234.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 2.6 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ცნობით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება სააქციო კაპიტალის კლება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში და სასესხო ვალდებულების დაფარვა.

II კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 77.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.9 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ნიდერლანდები - 31.5 მლნ. აშშ დოლარით (13.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე ჩეხეთი - 30.8 მლნ. აშშ დოლარით (13.2 პროცენტი).

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 82.0 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.0 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 65.2 მლნ. აშშ დოლარით (27.8 პროცენტი), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 46.5 მლნ. აშშ დოლარით (19.9 პროცენტი).